ირაკლი კობახიძე - მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს ან სახალხო დამცველმა ახალი კანდიდატურა წარადგინოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ან ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე მსჯელობა გვქონდა. ეს ყველაფერი ოფიციალური განცხადების შემოსვლაზე იქნება დამოკიდებული. სხვადასხვა პროცედურებია გათვალისწინებული. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ და ამის საფუძველზე ან ახალი კონკურსის გამოცხადება დაგვჭირდება, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარმოადგინოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი 16 მარტს
დაასახელა. ამის შემდეგ „ქალთა მოძრაობამ“ ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში
დაადანაშაულა, რის გამოც, ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა
მოხსნა. სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის გადაწყვეტილება მიზანშეწონილად მიიჩნია.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ზვიად დევდარიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის მიერ წარსადგენი კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა
გამოცხადდეს. მისივე თქმით, სახალხო დამცველს სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.