საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის მიერ წარსადგენი კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის მიერ წარსადგენი კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის მიერ წარსადგენი კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადებაა საჭირო.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის მიერ ვაკანტურ პოსტზე დასახელებულმა ზვიად დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, სახალხო დამცველი საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ შერჩეული კანდიდატებიდან ახალს ვეღარ შეარჩევს, რადგან კანდიდატთა დასახელების ვადა 16 მარტს ამოიწურა.

როგორც გიორგი კახიანი განმარტავს, ამ საკითხს პარლამენტის რეგლამენტის 215-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ორგანოს უკვე დასახელებული კანდიდატების კენჭისყრების პროცედურის დამთავრების შემდეგ, პროცესის ხელახლა დაწყება მოუწევს.

„რეგლამენტში პირდაპირ ასეთი შემთხვევა არ არის გათვალისწინებული, რა ხდება მაშინ, როდესაც პირი ხსნის კანდიდატურას. თუ პროცედურას გავყვებით, პარლამენტმა ჯერ უკვე შერჩეულ კანდიდატურებზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მოგვიწევს პროცედურის თვიდან დაწყება – თავიდან გამოცხადდება კონკურსი,შეიქმნება საკონკურსო კომისია და მთელი ის პროცესი, რომელიც აქამდე გავიარეთ, თავიდან იქნება გასავლელი. ამის შემდგომ მიიღებს უკვე პარლამენტი გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით”, – განმარტა გიორგი კახიანმა პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი ან სამი კანდიდატი რომ წარედგინა, რისი უფლებაც მას ჰქონდა, პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა.