ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით დიპკორპუსისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდება
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით დიპკორპუსისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდება

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეები მართლმსაჯულების სამუშაო პროცესის დაგეგმვის თაობაზე იმსჯელებენ. ირაკლი კობახიძე შეხვედრის მონაწილეებთან იმ ნაბიჯებზე იმსჯელებს, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით არის გადასადგმელი.

„საუბარი იქნება სხვადასხვა საკითხზე. კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმირების საკითხს. ასევე, ვიმსჯელებთ შემდგომ რა შემადგენლობით ვიმუშავებთ და რა ვადას განვსაზღვრავთ. იმისათვის ვიკრიბებით, რომ ერთად დავგეგმოთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში გადასადგმელი ის ნაბიჯები, რაც საჭიროებს ძალიან მალე გადაწყვეტას და შესაბამის რეაგირებას საქართველოს პარლამენტის მხრიდან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობა მიწვეული არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღას ფარსს უწოდებს.

„ხელისუფლება ვენეციის კომისიასაც კი არ დაელოდა, ისე გაიტანა პირველი მოსმენით უმნიშვნელოვანესი კანონი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე იყო სრული მოჩვენებითი კრიტერიუმების შემოღება, რათა ისევ და ისევ გაძლიერდეს და ახლა უკვე 30 წლით მმართველობაში დარჩეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი“, – განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.