ირაკლი კობახიძე - მამუკა ხაზარაძე ბიზნესის რეკეტის სქემაში ერთ-ერთი თანამონაწილე იყო, არაფერი სასპეკულაციო არ არის, როცა პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერი საკუთარი ხარჯით გაემგზავრა საზღვარგარეთ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. კობახიძის თქმით, სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტზე.
„ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.