ირაკლი კობახიძე - გრიგოლ ვაშაძემ იკადრა ის, რაც საქართველოში დღემდე არავის უკადრებია, შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა იკადრა ის, რაც საქართველოში დღემდე არავის უკადრებია, შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ ისაუბრა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, რომ „ქართული ოცნება“ კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში აღარ დააბრუნებს, თუ ბიბლიაზე დაიფიცებენ“.
პარლამენტის თავმჯდომარე რომან გოცირიძის სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ კითხვას სვამს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმაც რა იკადრა, რაც საქართველოში დღემდე არავის უკადრებია. შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ. საქართველოს ისტორიაში მსგავსი არავის უკადრებია და კითხვებს გვისვამენ ტყუილებთან დაკავშირებით. ეს იკადრა გრიგოლ ვაშაძემ. ამით მგონი, ყველაფერი ნათქვამია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
3 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებთან, გიორგი ვაშაძესა და ნიკა რურუასთან ერთად შეხვდა. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ასეთი განცხადება გააკეთა: „უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს, რათა საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.
ამის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა. მისი თქმით, ვაშაძის შეხვედრისას ილია მეორესთან წინასაარჩევნო გეგმები დეტალურად არ ყოფილა განხილული.