დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ​დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა. მისი თქმით, ვაშაძის დღევანდელი შეხვედრისას ილია მეორესთან წინასაარჩევნო გეგმები დეტალურად არ ყოფილა განხილული.

„ადრეც და სამწუხაროდ, დღესაც გვიხდება განმარტების გაკეთება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად, მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, სადაც ამბობს, მომყავს ციტატა: „უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“ – ციტატის დასასრული.

აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონი გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს. პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის. წინასაარჩევნო გეგმები ასე დეტალურად არ ყოფილა განხილული“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.