ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტარების ნაწილი გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს ქვეყნისთვის ცუდიაო, მოლდოვაშიც პატიმრობაშია მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია
ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტარების ნაწილი გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს ქვეყნისთვის ცუდიაო, მოლდოვაშიც პატიმრობაშია მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია

საქართველოს მიმართ არსებობს ძალიან დიდი მანკიერი ინტერესი, რაც არ არსებობს, მაგალითად, მოლდოვის მიმართ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

მოლდოვაშიც პატიმრობაშია მათი მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? ევროპარლამენტარების ნაწილი პირდაპირ გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს უკვე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მოვლენა და მის იმიჯზე ცუდად აისახებაო. არცერთი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხუთე პრეზიდენტი დღეს პატიმრის სტატუსის მქონეა. რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვას მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ. ამას უკავშირდება ეს კოორდინაცია სააკაშვილის საქმის გარშემო, ამას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდის გაჩერება „კრედიტ სუისში“ და ა.შ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვის სურვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს საქართველოსთვის ის რეალობა, რომ ევროპარლამენტართა ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას პირდაპირ უკავშირებს სააკაშვილის გათავისუფლების საქმეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს.

„აი, ამას მოაწერა ხელი 400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა. აქედან ჩანს, რამდენად დიდია მანკიერი ინტერესი და კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეს მანკიერი ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ 400-ვე ევროპარლამენტარს გაცნობიერებული ჰქონდა, ხელს რას აწერდა, მაგრამ ფაქტია, მათზე მოახდინეს ზეგავლენა, ანუ კოორდინაცის მასშტაბი ძალიან დიდია“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ ახსნის სვენ მიქსერის გზავნილს, რომელმაც, საბოლოოდ, მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის ერთ-ერთი ავტორი თავად იყო და ის არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომლის წევრიც „ქართული ოცნებაა“, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სვენ მიქსერი ზომიერი და საღად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ ის არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ.

„მე სვენ მიქსერს პირადად ვიცნობ და შემიძლია, გითხრათ, რომ პიროვნულად ის არის ზომიერი კაცი, ყველაფერს სათანადოდ ხედავს და აანალიზებს, მაგრამ ისიც შემიძლია გითხრათ, ესეც ვიცი, კონკრეტულ ინფორმაციაზე და ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ის არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. ეს დიდი ზეწოლა თვალსაჩინოც არის. ის არის ზეწოლის ქვეშ დიდი კოორდინაციის მხრიდან და ცდილობს ხოლმე, მაქსიმალურად დააბალანსოს სიტუაცია. რა თქმა უნდა, დაბალანსების დროს არ გამოსდის ობიექტური გადაწყვეტილების გატანა, ბუნებრივია, მაგრამ ის ყოველთვის მაქსიმალურად დაბალანსებას ცდილობს. ამის შედეგი იყო ის, რომ რაღაცას მხარი დაუჭირა და რაღაცას არ დაუჭირა. მას მოუწია ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, თორემ სვენ მიქსერი არის ზომიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა იმავე უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წამებაში პირდაპირ დაადანაშაულა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არასაკმარისი კომუნიკაციის გამო არ ხდება.

„რა კომუნიკაციაზეა საუბარი, როცა სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოგვიგზავნეს? რა კომუნიკაცია უშველის ამ ყველაფერს? სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებმა პირდაპირ აღიარეს, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ იყვნენ ჩართული არაჟნის კონტეინერით მის საქართველოში გამოგზავნაში. მისი გამოგზავნა იყო საქართველოს ომში ჩართვის გეგმის ნაწილი. არეულობა და მერე მეორე ფრონტი იყო მიზანი. ამიტომ გაკეთდა ეს ყველაფერი ზუსტად გასული წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ომამდე ორი-სამი თვით ადრე. სწორედ ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი მაგ დროს და მაგიტომ გამოგვიგზავნეს. იქაური უწყებები ჩვენს უწყებებს პირდაპირ ატყუებდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იყო და ასეთ დროს რა კომუნიკაცია გიშველის? პირდაპირ პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომ შენ გაგხვიოს შარში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.