ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაცია ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია, როგორც კი ომი დასრულდება, რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე
ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაცია ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია, როგორც კი ომი დასრულდება, რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე

ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შესაბამისი ამოცანა შესრულდეს ჩვენი სახელმწიფოს მიერ. ძალიან ბევრი სირთულე იყო ამ გზაზე, ამ ორი-სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, მანამდეც, მაგრამ განსაკუთრებით ორი-სამი წლის განმავლობაში. აღარ გავიხსენებ მთელ ამ პროცესებს, როგორ გვეთქვა უსამართლოდ უარი 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე, მერე წელიწად-ნახევარი გვაცხოვრეს ხელოვნური პოლარიზაციის რეჟიმში, რამხელა უსამართლობა ტრიალებდა ჩვენი ქვეყნის თავზე, თუმცა ჩვენ ღირსეული პოზიცია დავიკავეთ და სწორედ ამის ხარჯზე, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ასეთივე სირთულეები იქნება შემდეგი ერთი წლის განმავლობაშიც და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სირთულეები ამ შემთხვევაშიც იქნება დაკავშირებული იმ ომთან, რომელიც ჩვენს რეგიონში წარმოებს და, შესაბამისად, მეორე ფრონტის ინტერესთან, მაგრამ როგორც კი ვითარება შეიცვლება, და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს მოხდება, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში, ჩვენ გვაქვს 90-პროცენტიანი ვარაუდის შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით, როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, ვფიქრობ, რომ, მაქსიმუმ, მომავალ წელს ეს ამოცანაც შესრულდება. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუნდაც იყოს ორ წელიწადში, ერთ წელიწადში, წელს თუ როცა იქნება, საბოლოო ჯამში, ჩვენი სამიზნე არის მაინც 2030 წელი. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ ევროკავშირის გაფართოებაზე. მანამდე როდის მოხდება მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ტექნიკური დეტალი და მეტი არაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის მნიშვნელობის მატარებელი. შეიძლება, წლის ბოლოსაც მოხდეს, გააჩნია კონტექსტი როგორი იქნება წლის ბოლოსთვის. შეიძლება, წლის ბოლომდეც კი დასრულდეს ომი უკრაინაში“, – აღნიშნა პრემიერმა.