„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დმანისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის დაჭრაში ეჭვმიტანილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები და თუ ასეთი ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდება პროვოკაცია, ეს ცოტათი ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინ დმანისში მომხდარი ინციდენტი ძალიან მძიმეა.
„სამი თვის განმავლობაში მოხერხდა ის, რომ საარჩევნო ვითარება იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი, თუმცა ასეთი მძიმე გამონაკლისი ინციდენტი მივიღეთ, რაც სამწუხაროა. აქ დამატებითი ფაქტი გამოიკვეთა, რომ იმ ადამიანს, რომელიც არის ეჭვმიტანილი, ამ კონკრეტულ ქმედებაში, კერძოდ, აქტივისტის დაჭრაში, მას აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით. თუ ეს გამოიკვეთება და თუ ასეთი ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდება პროვოკაცია, მე მგონი, ეს ცოტათი ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქმედებას და პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელმაც ეს ჩაიდინა და შესაბამისად, ზომები არის კიდეც მიღებული, დაკავებულია და დანარჩენს დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულის მამამ დღეს ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
„ჩემს შვილს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და საავადმყოფოში მეწვინა, რაც იცოდნენ მათ და პროვოკაციაზე წამოაგეს ჩემი შვილი. მე რომ მირტყამდნენ, მაგ დროს დავუნახივარ ჩემს შვილს და მიაყენა ჭრილობა“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე დღეს ერთი პირი დააკავა.
გუშინ დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.