ირაკლი კობახიძე - დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი, ისინი შეიძლება, ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ
დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი, ისინი შეიძლება, ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რადიკალიზაციის რისკები არსებობს. ერთი მხრივ, ყველა ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და თითქოს ეს იძლევა დამშვიდების საშუალებას, მაგრამ ჩვენ თავს ვერ დავიმშვიდებთ. მათ შორის, იმის გამო, რომ ეს სისუსტე ხშირად მეტ რისკს შეიცავს ხოლმე. ადამიანური ბუნებაც ასეთია და ადამიანთა ერთობის ბუნებაც, რომ როდესაც სუსტია, ხანდახან სისუსტის პირობებში უფრო საშიში შეიძლება გახდეს ადამიანი. მაგალითად, უფრო ადვილად შეიძლება, გაისროლოს და რადიკალურ ნაბიჯზე უფრო მარტივად წავიდეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ხანდახან სუსტი ადამიანი უფრო მძიმე დანაშაულზეც მიდის ხოლმეს, ვიდრე ძლიერი. ეს ადამიანური ბუნებაა და ამიტომ სისუსტემ არ უნდა დაგვამშვიდოს. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია დღეს ოპოზიცია და, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი. ისინი შეიძლება, ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ. ამიტომ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დამშვიდებული და მათი ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, მათ შორის, ნიშნავს, რომ მათ ქუჩის რესურსიც არ აქვთ.
„ბოლო წელიწად-ნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არცერთხელ არ გვქონია 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50%-ს კარგად იყო აცილებული. ეს, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა არსებულ რეალობაში სრულიად ახალი ძალების გამოჩენის პერსპექტივა, რომელმაც შესაძლოა, ელექტორალური მხარდაჭერის სურათი მთლიანად შეცვალოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, „სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სისტემა ხელოვნურად არის ჩაკეტილი და ეს 2013 წლიდან მოყოლებული პირდაპირ გარედან არის თავს მოხვეული, როდესაც ცდილობდნენ, მესამე ძალად გაესაღებინათ ჯერ „ლელო“, შემდეგ კი – გახარიას პარტია, რომლებიც სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“.
„სცენარისტები არიან იგივე ძალები. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვაკონკრეტებთ, თუმცა ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ კონკრეტულ სუბიექტებს და ძალებს, რომლებიც ძალიან მძიმე როლს ასრულებენ საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ის, რომ, ზოგადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება მოვლენები იმავე ამერიკაში, ევროკავშირში და ა.შ., ამაში ვიღაცების ხელი ურევია. ძალიან უხერხული თემაა და აქ საერთოდ ვერ შევალ დეტალებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დეტალებზე გვაქვს საფუძვლიანი ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, ძალაუფლების მოპოვების რა სცენარი რჩება ოპოზიციას მოცემულ ვითარებაში და არის თუ არა ერთადერთი სცენარი ის, რაზეც სუს-ი საუბრობდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია მთლიანად გარედან დავალებებზეა დამოკიდებული და იმის მიხედვით მოქმედებს, რა დავალება აქვს კონკრეტულ დროს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია მმართველი გუნდის მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს წლის ბოლოს სტატუსი არ მიენიჭება, შესაძლებელია თუ არა, ეს საკითხი პროცესების რადიკალიზაციის მიზეზი გახდეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, რაც სპეკულაციებს და ამ თემის გარშემო შექმნილ ხელოვნურ დაძაბულობას დაასრულებს.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შედის აღნიშნული სცენარი იმ გარე ძალების ინტერესში, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას ცდილობენ, კობახიძემ უპასუხა, რომ „თუ დაინახა ვიღაცამ, რომ ამ თემამ დრო მოჭამა იმ მიზნისათვის, რისთვისაც თავიდანვე გამოიყენებოდა, ანუ რევოლუციური მიზნისთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს გადაწყვეტილება მარტივად იქნას მიღებული“.