ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული პროპაგანდის ნაწილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციების გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია.
„ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რასაც ბუნებრივია, არ აქვს საფუძველი. ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის კონკრეტული საქმეებით დაკავებული, რომელსაც არაფერი აქვს იმასთან, რაზეც საუბრობენ რუსი პიარტექნოლოგები. ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა კობახიძემ.
BBC-იმ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოში არსებული ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.
რუსულმა ტელეკომპანიებმა და საგარეო უწყებამაც რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გამოცდის შესახებ, რასაც, მათივე თქმით, მოქალაქეთა სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ინფორმაცია თბილისში უარყვეს და რუსულ მხარეს ლუგარის ცენტრის დათვალიერება შესთავაზეს, თუმცა მოსკოვში შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.