BBC - რუსეთი თბილისში მდებარე ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს [ვიდეო]

BBC-ის ცნობით, რუსეთი საქართველოში არსებული ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ტელეკომპანიის ჟურნალისტი სტივ როზენბერგი ცდილობს, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსკოვის ბრალდება, რომ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ.

BBC -ის რეპორტიორი ამ ინფორმაციის დამამტკიცებელ საბუთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მინისტრ იგორ გორგაძეს სთხოვს. გიორგაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია.

„მე არ მაქვს სურვილი რაიმე ვამტკიცო. მე ვსვამ კითხვას“, – აცხადებს გიორგაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ეს დეზინფორმაცია, გიორგაძე ამბობს, რომ არ იცის.

BBC-ს კორესპონდენტი გიორგაძის მიერ გავრცელებული „საიდუმლო დოკუმენტების“ შესახებ გიორგი ხატელიშვილს ესაუბრა, რომელიც 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის ინტერვიუში ინტერნეტით გავრცელებული დოკუმენტების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს საბუთები წარმოადგენს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისთვის შეყვანილი პრეპარატების შესახებ ინფორმაციას.

„უცნაურია, რომ ბატონმა გიორგაძემ ეს დოკუმენტები წარადგინა, რადგან ამ პროგრამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცოდა. განიკურნა 36 000 ადამიანი და შესაძლოა, 200-მდე გარდაიცვალა ან უკუჩვენებები აღენიშნებოდა“, – ამბობს ხატელიშვილი.

BBC-ს ცნობით, ამ პროგრამის დროს გამოყენებულმა წამლებმა ტესტირება გაიარეს და მათი გამოყენება დაშვებულია.

რეპორტაჟის ავტორი ასევე ეწვია ლუგარის სახელობის ცენტრს, სადაც როგორც მოსკოვი ამტკიცებს, „ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე და დრონებზე მუშაობენ“, რომლითაც „სასიკვდილო ვირუსის მატარებელი კოღოების გავრცელებაა შესაძლებელი“, თუმცა ჟურნალისტმა ამის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

მან კითხვით მიმართა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას. პასუხად ზახაროვა შემდეგს ამბობს: „თუ თქვენ დღეს არ გაქვთ მტკიცებულებები, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ტელეკომპანიებმა და საგარეო უწყებამაც რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გამოცდის შესახებ, რასაც, მათივე თქმით, მოქალაქეთა სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ცნობა თბილისში უარყვეს და რუსულ მხარეს ლუგარის ცენტრის დათვალიერება შესთავაზეს, თუმცა მოსკოვში ამაზე უარი განაცხადეს.