ირაკლი კობახიძე - დებატების პროცედურის განხილვისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შენიშვნები არ გამოუთქვამს
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ჩვენი სისტემისა და საზოგადოების გამაერთიანებელი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„უფრო მეტიც, ჩვენ ვერ გავიხსენებთ ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერცერთ, თუნდაც კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა გამაერთიანებლის როლში, თუმცა ამის საპირისპიროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვისა და დაპირისპირების ინიციატორი, რაც ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში პრეზიდენტის ძალიან ნიშანდობლივი თვისებაა და ესეც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საბოლოო ჯამში, გახდა ოპოზიციის პრეზიდენტი და სულ ბოლოს, თქვენ გახსოვთ ბოლო მოვლენები, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც და ბოლოს, გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც ასევე ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, რაც მისი კონსტიტუციური როლი და ფუნქციაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილის მოღვაწეობის სამწუხარო ნიშანი ე.წ. კინკლაობა იყო.
„ეს ტერმინი, სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენებოდა ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც საქმე ეხებოდა პრეზიდენტთან ურთიერთობას და დღესაც, მისი დღევანდელი მოქმედებაც იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებაზე და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს აქვს დებატების რეგლამენტით გაწერილი პროცედურა.
„ეს პროცედურა ჩვენ ერთად განვიხილეთ ბიუროს სხდომაზე და ასევე დავაზუსტებ იმას, რომ ამ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი. მას პროცედურასთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ეს არის დამატებითი არგუმენტი, ჩვენ ბევრი არგუმენტი არ გვჭირდება, უბრალოდ, დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, მას არ უყვარს დებატები, მას არ უყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც მან არაერთხელ დაადასტურა და დღესაც ამის გამოვლინება კიდევ ერთხელ ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად, განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.