ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მომიტინგეები დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მომიტინგეები დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი

დარწმუნებული ვარ, მომიტინგეები დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე. ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის ამ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ასევე ხაზარაძეს ჰყავს პატარა დაჯგუფება. არიან, ასევე, კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც გახდება გამჭვირვალე ამ კანონის მიღების შემდეგ. ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს სპეცრაზმმა ამ დროს?

რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც, მაგალითად, გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. იქაც ძალიან რთულია პოლიციელებისთვის მოთმენა, როცა მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს. ყველა ვერ უძლებს ამას. უმეტესობამ გაუძლო, 100-დან ერთმა ვერ გაუძლო და ამიტომ იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, კობახიძის თქმით, მძიმე დაზიანებები აქვს და ამ ფაქტს შესწავლა სჭირდება.

„ხაბეიშვილის შემთხვევას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება, ბუნებრივია, შესწავლა. ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი მთელი ამ გუშინდელი დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როცა დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იმავე ზომების გამოყენება დასჭირდება, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც გათვალისწინებულია პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.