ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 100 დღეს შეაჯამებენ
დღეს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღე სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, შეხვედრა სასტუმრო„თბილისი რუმსში“ გაიმართება, სადაც საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე იმსჯელებენ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, რეგლამენტის მიღებამ დიდი გავლენა იქონია კანონმდებლების მუშაობაზე. , თამარ ჩუგოშვილის თქმით, გაზრდილია საკანონმდებლო მუშაობის ხარისხი.
„პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან ბევრს ვსაუბრობდით საპარლამენტო რეფორმაზე, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე და დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ახალი კანონმდებლობის მუშაობისა და მოქმედების 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს. გასული წლის დეკემბრის თვეში ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ამ ყველაფერმა იქონია ძალიან დიდი გავლენა პარლამენტის წევრების მუშაობაზე, საპარლამენტო სხდომებზე დასწრებაზე, კომიტეტების საქმიანობაზე, მინისტრების სიარულზე საქართველოს პარლამენტში, საკანონმდებლო ხარისხზე. ამ ყველაფერზე გვექნება დეტალური პრეზენტაცია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან – ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა.