ვახუშტი მენაბდე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას
ვახუშტი მენაბდე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტს ცვლილებები სჭირდება და კარგია, რომ ახალი ცვლილებების ინიცირება შედგა, თუმცა პროექტი მოკრძალებულია და სასურველია უფრო მეტი.

როგორც ჟურნალისტებს მენაბდემ განუცხადა, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლისა და პარლამენტის სტრუქტურული რეფორმის თვალსაზრისით, უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას.

მისი თქმით, „შეკითხვების დრო“ უნდა შემოვიდეს, რომელიც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემთ, კითხვები დაუსვან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი, რომელიც მანდატის თვალსაზრისით არსებობს საპარლამენტო კომიტეტებს შორის და აღრევები კომპეტენციებში, რაც დღესაა, შემცირდეს. ოპოზიციას ის უფლებამოსილება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ პირველი მოადგილეები გახდნენ იმ კომიტეტებში, სადაც თავმჯდომარეები იქნებიან უმრავლესობის წარმომადგენლები“, – განაცხადა მენაბდემ.