ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რთულ რეგიონში, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რთულ რეგიონში, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველია

ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რთულ რეგიონში, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს.

„იცით, როგორია საერთო ეკონომიკური მონაცემები, ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს. ბოლო სამი წლის საშუალო ზრდა გვქონდა 9,7%, მიმდინარე წელსაც, პირველი ორი კვარტლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ეკონომიკური ზრდა არის ცხრა პროცენტი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში და ევროპაში.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რთულ რეგიონში, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და, რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებისთვის მიმზიდველია. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და ესეც კარგ გარემოს ქმნის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები. საქართველოში საინვესტიციო ნაკადების მეტად გაზრდისთვის ყველაფერი გაკეთდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.