ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა ამ თვალსაზრისითაც წამახალისებელი იქნება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა ამ თვალსაზრისითაც წამახალისებელი იქნება

დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან.

„გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. კიდევ უფრო მეტად იხვეწება არსებული მექანიზმები, პროცესში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი, როგორებიცაა ირლანდია, ისრაელი, იტალია.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს. დანერგილია საგრანტო მექანიზმების სისტემა და გაიზარდა ამ მექანიზმების მოცულობა, რამაც მკვეთრად გააძლიერა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, რომელთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს. ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლა.

მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული, რათა მაქსიმალური კავშირი შევინარჩუნოთ ჩვენს დიასპორასა და სამშობლოს შორის. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის, თითოეული ჩვენი თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდება საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.