ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გააცნობიეროს თითოეულმა მოქალაქემ.

„ჩვენ თავის დროზე როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, განვაცხადეთ, რომ ეს იყო არამხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ პირველ რიგში პასუხისმგებლობა და ეს პასუხიმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა როგორც ხელისუფლებიდან, ასევე თითოეულმა მოქალაქე, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებას ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გვაქვს, მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეხვედრა, რათა პრევენციული ზომები გატარდეს და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. თუმცა ამაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეუწყოს ხელი. მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან, რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს, ამ ეტაპზე დაკონკრეტება რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.