ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა იყო ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და გარკვეული შედეგები არის
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა ჭეშმარიტების დადგენა იყო და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგიც არის.
„რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართა კომისიის მუშაობა და თითოეული დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები შეჯერდება.
„ჩვენ გვექნება კიდევ ერთი რაუნდი დისკუსიისა „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ კომისიაში და იმედი მაქვს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება. თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში აისახება. ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელიც კენჭისყრაზე გავა.