ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვყავს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხმის მქონე ოპოზიცია
მჯერა, რომ საქართველოში 28 ოქტომბრის არჩევნებიც სამართლიანად ჩატარდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.
კობახიძემ საქართველოს მიღწევებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხმის მქონე ოპოზიცია.
„არჩევნები სამართლიანია. მალე, 28 ოქტომბერს გვექნება ახალი არჩევნები. ჩვენ უკანასკნელად ავირჩევთ პრეზიდენტს პირდაპირი გზით და მჯერა, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდება სამართლიანად. დემოკრატიის თვალსაზრისით მთავარი მიღწევა არის ის, რომ ახლა ჩვენ გვყავს ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხმის მქონე ოპოზიცია. სიტუაცია ძალიან განსხვავდება 2012 წლამდე პერიოდისგან, როცა გვყავდა სუსტი მთავრობა, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციისა და ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ სასტიკი მეთოდებით. ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც არის სამართლიანი და ამავე დროს, ძლიერი. ოპოზიციას, რომელიც 2012 წლამდე თითქმის არ არსებობდა, დღეს აქვს ძლიერი ხმა“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს დიდი მიღწევაა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.