ირაკლი კობახიძე - ბლოკის გაუქმების მთავარი მიღწევა პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა იქნება
ბლოკის გაუქმების მთავარი მიღწევა იქნება ის, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში პარტიული სისტემის განვითარება, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ბლოკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.
„ბლოკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს არის საქართველოში 19 კვალიფიციური პარტია. დამეთანხმებით, რომ საქართველოში კვალიფიციური პარტია შინაარსობრივად არის მაქსიმუმ ხუთი-ექვსი. 19 კვალიფიციური პარტიიდან ზოგიერთი არის ქაღალდზე დაწერილი პარტია და საერთოდ არ არსებობს. არის ერთკაციანი პარტიები ან ორკაციანი პარტიები. ეს არის რეალობა, ეს არის დღევანდელი სიმახინჯე და ამას სჭირდება ბუნებრივია ცვლილება. ბლოკი არის ამისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და ეს ბუნებრივია, უნდა დასრულდეს. ამომრჩეველსაც აქვს ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიტყოს, რომელ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. ეს დღეს არავინ იცის, რადგან სხვადასხვა მერკანტილური მიზნებისთვის იქმნებოდა საარჩევნო ბლოკები. არავინ არ იცის დღეს მაგალითად, რამდენი კაცი უჭერს მხარს კონკრეტულ ქაღალდზე დაწერილ პარტიას. ბლოკის გაუქმების მთავარი მიღწევა იქნება ის, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას, რასაც ვერ მივაღწიეთ 30 წლის განმავლობაში. სწორედ ეს პროცესი დაიწყება“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, რომ ცვლილებები მათ დაშლას გამოიწვევს, კობახიძე ამბობს, რომ ბლოკების გაუქმების პირობებში პირიქით, მათი კონსოლიდაციის წახალისება მოხდება.
„პირიქით, ბლოკების გაუქმება წაახალისებს კონსოლიდაციას. მათ შეუძლიათ გამოვიდნენ შემდეგ არჩევნებში ერთიანი პარტიის სახით. თუ ეთაკილებათ ისეთი სახელწოდება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში შეუძლიათ პარტიის წესდება შეცვალონ და დაირქვან თუნდაც „გაერთიანებული ოპოზიცია“. არაფერი არ იზღუდება, შეუძლიათ უფრო მჭიდრო კონსოლიდაცია განახორციელონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.