ირაკლი კობახიძე - აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში გახლდათ ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული და მასში ადვილი იყო ერთი არასწორი წინადადების შეპარება ლობისტების ძალისხმევით
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში გახლდათ ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც ადვილი იყო ერთი არასწორი წინადადების შეპარება ლობისტების ძალისხმევით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ უილიამ კორტნის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
უილიამ კორტნი აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება.
„განცხადება დოკუმენტზე ხელმომწერმა ერთ-ერთმა კონგრესმენმაც გააკეთა. რასაც ვამბობდით, ის ზედმიწევნით დადასტურდა, რომ ეს გახლდათ ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ასეთ დოკუმენტში ადვილი იყო ერთი არასწორი წინადადების შეპარება ლობისტების ძალისხმევით. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა ხელმომწერმა კონგრესმენმა და ამაზე მიანიშნებს კორტნის განცხადებაც, რომელიც ხაზს უსვამს იმ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას და მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბებული და გაღრმავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.