ირაკლი კობახიძე - არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, მოსალოდნელი არ იყო, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც გვქონდა
ირაკლი კობახიძე - არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, მოსალოდნელი არ იყო, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც გვქონდა

არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, მოსალოდნელი არ იყო, საბოლოო ჯამში, ისე ჩამოყალიბდა ტექსტი, როგორც ჩამოყალიბდა. რაც იყო მოლოდინი, იმას შეესაბამება ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტით, რეალურად, ძალაში დარჩა სტატუს კვო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში.

„რაოდენობრივად ტექტსი მეტია მოცემული დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად არავითარი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, რომ კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული. რუსეთთან დაკავშირებით წერია პირდაპირ, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები ვერ ექნება უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს, ეს არის რეალური მოცემულობა.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ ჩანაწერს, ძალაში დარჩა ის დაპირება, რომელიც ჩაიდო თავის დროზე ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ. იგივე ეხება რეალურად უკრაინასაც“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ პირობები უნდა დააკმაყოფილოს და 32-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, რომ სურთ, მიიწვიონ უკრაინა ნატო-ს წევრად.

„ტექსტობრივი, რაოდენობრივი კუთხით არ არის განსხვავება ჩვენთან ჩანაწერსა და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩანაწერს შორის, მაგრამ ხარისხობრივად და არსებითად არაფერი შეცვლილა, ყველაფერი არის ისევ და ისევ აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული. დღესაც არავინ იცის, როგორ და როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი, ანალოგიური ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაშიც. მოლოდინი მეტი იყო, თქვენ ნახეთ ზელენსკის განცხადება. უკრაინის მოსახლეობაშიც ალბათ უფრო მეტის მოლოდინი არსებობდა. ამაზე ღიადაც იყო საუბარი, იმავე მიწვევასთან დაკავშირებით ძლიერ ჩანაწერს ელოდებოდნენ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ეს არის, რომ კვლავაც ბუნდოვანია ის პერსპექტივა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის გაწევრიანებასთან ნატო-ში, ეს არის რეალური ვითარება. კიდევ ვიტყვი, რომ რაოდენობრივად გაიზარდა ტექსტების მოცულობა, ხარისხობრივად არაფერია შეცვლილი.

რეალურად, არსებითად იმის გაფართოება, რაც ეწერა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, მოსალოდნელი არ იყო, საბოლოო ჯამში, ისე ჩამოყალიბდა ტექსტი, როგორც ჩამოყალიბდა. რაც იყო მოლოდინი, იმას შეესაბამება ეს ტექსტი, რომელიც არის მოცემული. სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. დღეს ვერავინ იტყვის ვერც უკრაინასა და ვერც საქართველოზე, როდის გახდება ერთი ან მეორე ქვეყანა ნატო-ს წევრი. მეტნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა, ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და კიდევ ერთხელ, ღიად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში. ეს არის ერთგვარი პრაგმატული დამოკიდებულება. ჩვენ გვეკრძალება პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ამის უფლება არ აქვს, მაგრამ ნატო-ს აქვს. ასევე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვეძებდეთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვეძებოთ კონფრონტაცია, მაგრამ ნატო-ს აქვს უფლება, რომ არ ეძებოს კონფრონტაცია რუსეთთან და ეს პირდაპირ ჩაწერა ამ ტექსტში.

ჩვენ ასევე გვეკითხებიან, რომ გეშინია ომის? გეგონება, ომის რომ გეშინია, ეს ცუდი რამეა. გეშინია, რათა მოსახლეობა არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს უკრაინის მოსახლეობაა. ცდილობენ, ამის კნინობითი ფორმით წარმოჩენას. ეს შიში არის ნორმალური. ეს შიში გამოხატულია ნატო-ს კომუნიკეში. ნატო-ს ეშინია და საქართველოს რომ ეშინოდეს, ეს ბუნებრივია“, – განაცხადა კობახიძემ.

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ კომუნიკე გამოქვეყნდა, კომუნიკეში საუბარია საქართველოს შესახებაც. „ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი“, – აღნიშნულია კომუნიკეში.