ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებზე საქმის კურსშია.

„ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, ამ კვირაში საკუთარი დასკვნის წარმოდგენა, გვინდოდა მანამდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ხერხდებოდა და ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, რათა პარასკევამდე მოგვესწრო მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღება. ეს თხოვნა წარვუდგინეთ ვენეციის კომისიას და დაგვთანხმდა, ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში. ამ კუთხით ყველაფერი არის ნათელი. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ საბოლოოდ მიიღება მეორე მოსმენით კანონპროექტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ იცის იმის შესახებაც, რომ კანონპროექტის მიღება მეორე მოსმენით ორი კვირის წინ უნდოდათ, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში სერიოზული სირთულეებია.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 10 მოსამართლე, ივნისში იქნება რვა მოსამართლე. სისხლის სამართლის მიმართულებით იქნება ერთი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება ერთი მოსამართლე. ანუ ორი საკვანძო მიმართულება რომ ავიღოთ, უზენაეს სასამართლოს თითო მოსამართლე ეყოლება, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ პრობლემებთან. ეს პრობლემები საბოლოო ჯამში დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებებთან, მაგალითად, იმის გამო, რომ ერთი მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის პალატაში, ადამიანებს მოუწევთ ორი-სამი თვით მეტხანს დარჩენა წინასწარ პატიმრობაში. ასევე, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ პალატაში იქნება ერთი მოსამართლე, ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს დარღვეული უფლების აღდგენას და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას. ბუნებრივია, არ უნდა დავაყენოთ ათასობით ადამიანის ბედი ამ კუთხით პრობლემის ქვეშ, თუ შეგვიძლია, რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ კანონპროექტი. გავაცანით ვენეციის კომისიიას ჩვენი გრაფიკი, ჯერ ვუთხარით, რომ ორი კვირით ადრე გვინდოდა კანონპროექტის მიღება და გვითხრეს, რომ იყო შეუძლებელი. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და ორი კვირით გადავწიეთ განხილვის ვადა, თუმცა იქვე აღვნიშნეთ, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა მიიღებოდა კანონპროექტი, რაც აღმოჩნდა მათთვის მისაღები და დაგვთანხმდნენ ხვალისთვის საკუთარი დასკვნის წარმოდგენას, რათა გვქონდეს საკმარისი დრო პლენარულ განხილვამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, მაისურებზე წარწერით – „კლანი უნდა წავიდეს“.

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.