ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
როგორ კობახიძე განმარტავს, კანდიდატები პარლამენტში კონსულტაციების გარეშე არიან წარდგენილი.
„ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია ამ თემასთან დაკავშირებით. მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამისს კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა – როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას, წარდგენას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა, ეს ერთი; და მეორე, ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ. გვარების დასახელება არ არის საჭირო, ვინაიდან ჩვენ არცერთს არ ვუჭერთ მხარს. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ.
შეკითხვაზე, მათი ეს გადაწყვეტილება უფრო დაძაბავს თუ არა პრეზიდენტთან ურთიერთობას, კობახიძე პასუხობს:
„ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად და კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს პრეზიდენტმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.