ირაკლი კობახიძე - 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე

კიდევ ერთი, მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია მოაწყვეს, 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა, შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ქვეყანამ ერთი თვით ადრე შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე.

„ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში, არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ დღის გაფორმებაში. რატომ? იმიტომ, რომ 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე, ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს. არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილები, სამწუხაროდ, მოქალაქეებიც, რომლებსაც „ფეისბუქზე“ უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც არის გამოსახული მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან კითხვა იმაზე, რაზეც შეკითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, – განაცხადა კობახიძემ.