ირაკლი კირტავა - საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა
ირაკლი კირტავა - საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა

საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ [Galt & Taggart] დირექტორმა, ირაკლი კირტავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საინვესტიციო ფონდების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარების სამი ძირითადი ინსტრუმენტი არსებობს, როგორიცაა საბანკო კაპიტალი, საინვესტიციო ფონდები და საფონდო ბირჟა, თუმცა ქართულ რეალობაში საერთაშორისო სტანდარტებს განვითარების დონით რეალურად საბანკო სექტორი პასუხობს. რაც შეეხება საინვესტიციო ფონდებს და კომპანიებს, როგორც გადაცემაში აღნიშნეს, ისინი ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალურად მოქმედებენ, რადგან აქამდე მათი მარეგულირებელი სრულყოფილი კანონმდებლობა არც არსებობდა. მთავრობის მიერ ახლად წარდგენილი კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება.

Galt & Taggart-ის დირექტორის მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოში ლუქსემბურგისა და ირლანდიის მსგავსი რეგიონული ფინანსური ჰაბის შექმნას ისახავს მიზნად, რადგან საქართველოს მსგავსი მცირე ბაზრის მქონე ქვეყანა დამოუკიდებლად კაპიტალის ბაზარს ვერ განავითარებს. ამიტომ, კანონპროექტის შემუშავებაში მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, უცხოელი ექსპერტები და ადგილობრივი ბიზნესი იყო ჩართული. ირაკლი კირტავას თქმით, საერთო ძალისხმევის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანას რეალური პერსპექტივა ექმნება. 

„პერსპექტივა, რასაც ეს კანონპროექტი გვაძლევს, ზუსტად ის არის, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოში იაფი ფულის შექმნის წყარო. ეს ასევე არის გარკვეული ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობა, მათ შორის რეგიონის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, გავამახვილე ყურადღება ლუქსემბურგის მაგალითზე. იმ რეგიონში იმ ნიშის დაკავება, რაც ლუქსემბურგმა 20 წლის განმავლობაში შეძლო, არის სასწაული და ჩვენ ქართველებს გვჯერა სასწაულის. თუ ამაში იქნება სერიოზული ძალისხმევა ჩადებული, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის მხრიდან, ეს შედეგს მოიტანს. აქ არის დიდი პერსპექტივა, რომ უცხოურმა საინვესტიციო ფონდებმა ან ინსტიტუციურმა ინვესტორებმა ფონდების ჩამოყალიბება საქართველოში გადაწყვიტონ, რადგან რეგიონში რეიტინგით საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე ვართ ბოლო წლებში, გვაქვს ასე ვთქვათ, ლიბერალური ჩარჩო-ხელშეკრულებები, ჩვენი საკანონმდებლო ბაზა გარკვეულ ლიბერალურ სტანდარტებზე დგას, საგადასახდო კოდექსი საკმაოდ დაბალ საგადასახდო რეჟიმს ითვალისწინებს, ე.წ. ესტონურმა მოდელმა უზარმაზარი გავლენა იქონია“, – განმარტა კირტავამ.

გადაცემის წამყვანმა Galt & Taggart-ის დირექტორს შეახსენა, რომ ბიზნესის ნაწილი „საინვეტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტში“ ჭარბი რეგულაციების საფრთხეს უფრო ხედავს, ვიდრე თავისუფალი მოქმედების საშუალებას. კირტავა გარკვეულწილად დაეთანხმა შენიშვნას, თუმცა მისი მოსაზრებით, რეგულაციებს აბალანსებს ის გარემოება, რომ აღნიშნული კანონპროექტი ინვესტირების ფართო სპექტრს ქმნის.

„ვეთანხმები, რეგულაციის გარეშე არ არის, მაგრამ არის როგორც მაღალი დონის რეგულაცია, მაგალითად საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ავტორიზებული ფონდი იქნება და ეროვნულ ბანკს საკმაოდ მკაცრი რეგულაცია ექნება. არის ლიბერალური კომპონენტიც, რომელიც საკმაოდ პატარა ფონდების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, მათ შორის ინვესტორების რაოდენობა შეიძლება იყოს ოცამდე ან უფრო მეტიც, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან სპეციფიკური, პატარა კომპანია იყოს, ან სტარტაფის ტიპის კომპანია, ან კონკრეტული სექტორის რამდენიმე კომპანია. ძალიან გამოყენებადი კანონპროექტია და ბევრი კომპონენტია. თვითონ ფონდების სახეობა შეიძლება იმდენად განსხვავებული იყოს, რომ მხოლოდ გარკვეული ტიპის ინსტრუმენტებს მოერგოს და დაბეგვრის რეჟიმის ჩარჩო საშუალებას გაძლევდეს, დაუბეგრავ ინსტრუმენტებში გააკეთო ინვესტირება, მათ შორის უცხოურ ფასიან ქაღალდებში, რაც რეგიონის ქვეყნებისთვისაც იქნება მიმზიდველი. ასევე, დასაშვებია ინვესტირება სპეციფიკურ ბიზნესებში და მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოლექტიური ინვესტირების პირველი საშუალებაა“, – განუცხადა ირაკლი კირტავამ „ბიზნესპარტნიორს“.