ირაკლი ხმალაძე - მოქმედება, რომელსაც „გირჩი“ პროპაგანდას უწევს, სამართალდარღვევაა
„გირჩს“ მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან „გირჩის“ მიერ „შმაქსის“ შესახებ კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, მოქმედება, რომელსაც „გირჩი“ პროპაგანდას უწევს, სამართალდარღვევაა.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ კანონმდებლობას სამართლებრივი ხარვეზი უპოვა და ახლა რაღაც ფორმით ვინმე ტაქსაობას შეძლებს, ამას დაარქმევს სხვა სახელს, ძალიან ცდება და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, მგზავრის გადაყვანა, კანონის თანახმად, ნებართვას საჭიროებს.
„ისინი ამას აინიცირებენ იმისთვის, რომ რეგულაციას გვერდი აუარონ, რაც არ მოხდება. კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კატეგორიის მანქანით მგზავრის გადაყვანა ერთი წერტილიდან მეორეში საჭიროებს ნებართვას. ინტერპრეტაციას, რომ იქ საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა ხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც იყენებ მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ამას კანონმდებლობით ლიცენზია სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერმა რეგისტრირებულ ტაქსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ A კატეგორიაში ტაქსების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა.
მისივე თქმით, სექტემბრის ბოლოს საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, მერია ტაქსების რეფორმის გადავადებას აპირებდა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, მერიას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ტაქსის მძღოლებთან იმის თაობაზე, რომ რეგულაციების მეორე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა.
„ტაქსების რეფორმა შედგა და იგი გაამართლებს. რეფორმა არ დასრულებულა. იქნება შემდეგი ეტაპები. იგი გათვლილია მგზავრების უსაფრთხოებაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ტაქსებისთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.