ირაკლი ხელაძე - თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი
ირაკლი ხელაძე - თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ხელაძის განცხადებით, პროექტის თანახმად, 2023 წლის თბილისის ბიუჯეტი 133 მილიონი ლარით გაიზრდება.

„წარმოდგენილი ვერსია წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი და შეადგენს 1 438 775 ლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. პროცედურის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გაეგზავნა ყველა დარგობრივ კომისიას და მათი მხრიდან 20 ნოემბრამდე წარმოდგენილი უნდა იყოს შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ამასთან, ირაკლი ხელაძის თქმით, ბიუჯეტიდან თანხები მიმართული იქნება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა და ასე შემდეგ.

„შენარჩუნებულია პრიორიტეტული მიმართულებები. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა. მომდევნო წელს გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის პირებზე ყოველთვიური დახმარება. გაგრძელდება საპენსიო ასაკის პირების მედიკამენტების დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში.

მომდევნო წელს ასევე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, რაც თავისთავად მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელშეწყობას. მომდევნო წელს პრიორიტეტად რჩება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა როგორც გზების, ასევე ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, ისტორიული ძეგლების და შენობების გამაგრება, რეაბილიტაცია.

მომდევნო წელს ათი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგიური მიმართულება, გარემოს დაცვა. არ უნდა გამოგვრჩეს სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. წარმოდგენილი ციფრები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იქნება ძალიან პროდუქტიული“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.