ირაკლი გოგავა - ამ ეტაპზე ჩვენთვის არცერთი ბანაკის წევრობა არ შეიძლება, რომელიმე ბანაკში თუ აღმოვჩნდებით, მოწინააღმდეგე მხარე დაგვჩაგრავს, ასე რომ, გონივრულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს
ამ ეტაპზე ჩვენთვის არცერთი ბანაკის წევრობა არ შეიძლება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა გავებუტოთ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გეოპოლიტიკის თეორიაში საქართველო და სამხრეთ კავკასია, სამწუხაროდ, შედის რანგით იმ მეორე რეგიონში, სადაც ყველაზე მაღალია კონფლიქტების ალბათობა. პირველი არის ავღანეთი, შუა აზია, ირანის, პაკისტანის და ინდოეთის ტერიტორიები, მეორე არის სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ თურქეთი ქურთების გამო და ეს ზოლი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში, რასაც ჩვენ ვხედავთ – აგერ, ყარაბაღის თემა იყო ცოტა ხნის წინ და ახლა ღაზის სექტორია. ამიტომ, საქართველოსთვის ახლა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არის სრულიად წარმოუდგენელი. უნდა შევინარჩუნოთ წონასწორობის პოლიტიკა და ამ ეტაპზე ჩვენთვის არცერთი ბანაკის წევრობა არ შეიძლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა გავებუტოთ, მაგრამ თუ რომელიმე ბანაკში აღმოვჩნდებით, მოწინააღმდეგე მხარე აუცილებლად დაგვჩაგრავს ჩვენ. ასე რომ, დღეს, საქართველოსთვის ზომიერ, მოზომილ, გონივრულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. ცხელთავიანები საქართველოშიც გვყავს, რომლებიც გარედან ფინანსური სტიმულების გამო რაღაც უაზრობებს იძახიან, მაგრამ მათ არ უნდა ავყვეთ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და სადღაც 5-6 წლის შემდეგ გამოჩნდება, საით არის ფონი“, – განაცხადა გოგავამ.
მისი თქმით, ტურბულენტობამ, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, დემონტაჟი დაიწყო იმ სისტემის, რაც არსებობდა.
„დასავლეთი მესამე მსოფლიოს, განვითარებად ქვეყნებს ლიბერალური დემოკრატიით იზიდავდა, თუმცა სამწუხაროდ, თავად დასავლეთმა გადაუხვია ამ გზას. ასე ვთქვათ, ლიბერალური დემოკრატია იყო სახლი და თუ სახლი ოთხ ფეხზე დგას და ერთს გამოაცლი, ის წაიქცევა. მაგალითად, მოხდა რამდენიმე მნიშნელოვანი მოვლენა – თავისუფალი მედია უკვე აღარ არის თავისუფალი მედია და მას აკონტროლებს დიდი კაპიტალი. ეს ხდება ჩრდილოეთ ამერიკაშიც, ევროპაშიც და სხვა ბევრ ქვეყანაში. თავისუფალი მედიის გარეშე ლიბერალური დემოკრატია სიცოცხლისუუნაროა. ცივი ომის დროს დიდი კაპიტალი ერთგვარად, მოთოკილი იყო აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში. იყო სერიოზული რეგულაციები, ანტიმონოპოლიური და სხვა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სტიმული ჰქონდათ, შეჯიბრება იყო სოციალისტურ და კაპიტალისტურ ბანაკებს შორის, მაგრამ როდესაც ამ სისტემების შეჯიბრება, კონკურენცია მოიხსნა, დიდ კაპიტალს მისცეს გზა და ვხედავთ, რომ ზოგიერთი კორპორაცია უკვე სახელმწიფოებზე მდიდარი, ძლევამოსილი გახდა. გარდა ამისა, დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში არის ერთი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს არასტაბილურობის კერებს მსოფლიოში. შეიარაღების წარმოების 95% არის კერძო, იქ სხვა ალგორითმი, სხვა ინტერესები მოქმედებს და შესაბამისად, მათი ინტერესია, გაყიდონ მეტი იარაღი. ისინი ჭურჭელს არ აწარმოებენ, იარაღის გასაყიდად კი საჭიროა, კონფლიქტები იყოს რეგულარულად“, – განაცხადა გოგავამ.
ამასთან, გოგავამ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდმა კორპორაცია ბლეკროფმა დაიწყო აშშ-ის შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების აქციების შესყიდვა და მომავალი წლისთვის ბაზარი 23-25%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.
„მე არ ვგულისხმობ იმას, რომ გინდა თუ არა, მესამე მსოფლიო ომი იქნება, მაგრამ ლოკალური დაძაბულობის კერები იქნება“, – განაცხადა გოგავამ.
ირაკლი გოგავამ ასევე განაცხადა, რომ რადიკალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდება, რადგან მთავარი იარაღი, რაც დასავლეთს ჰქონდა, იყო მორალური უპირატესობა და მათ ის გაანიავეს, რადგან დაიწყეს რადიკალური ნეოლიბერალური დღის წესრიგის გავრცელება-დაფინანსება მთელ მსოფლიოს მასშტაბით.
„ეს მისაღები არ არის საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის და წინააღმდეგობას აწყდება უამრავ ქვეყანაში. მათ შორის, თუნდაც ევროპაში უნგრეთია ამის კლასიკური მაგალითი და არა მარტო. თანაც, ამ ყველაფრის გავრცელება ხდება იმის ფონზე, რომ ხდება პოლიტიკოსების დეგრადაცია და მასხარები, კლოუნები მოდიან ხელისუფლების სათავეში. არა მარტო პრეზიდენტებად, არამედ დეპუტატებად, მმართველებად და ა.შ. დეგრადაცია სახეზეა და ადამიანს სულ უფრო და უფრო აშორებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან ამ ნარატივში. მაგალითისთვის, ჩვენ დაგვაძალეს, რომ მაჟორიტარული არჩევნები საერთოდ გავაუქმოთ, მაგალითად ის, რომ პრეზიდენტს პირდაპირი გზით ვეღარ ავირჩევთ და ა.შ. ეს ხომ სულ გარედან თავსმოხვეული თემებია? მაგალითად ის, რომ აუცილებლად კოალიციური მთავრობები უნდა არსებობდეს. ამასაც ხომ გვაძალებენ? ევროპაში ეს უკვე განახორციელეს ძალიან ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა გოგავამ.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, პროცესი დაღვინდება და ახალი მსოფლიო დღის წესრიგი ჩამოყალიბდება.