ირაკლი გოგავა - უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, სააკაშვილი ჩვენ მიერ იყო გადმობირებული და „კაგებეს“ სკოლა გაიარა, როგორც აგენტმა მოსამზადებლადო
ირაკლი გოგავა - უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, სააკაშვილი ჩვენ მიერ იყო გადმობირებული და „კაგებეს“ სკოლა გაიარა, როგორც აგენტმა მოსამზადებლადო

ის რევოლუცია, თუ გადატრიალება რომ მოაწყვეს, შევარდნაძე რატომ გადადგა? იმიტომ, რომ დაინახა – კი, დასავლეთი მხარს უჭერს სააკაშვილს. სულ ბოლო მომენტში, ივანოვი რომ ჩამოვიდა, დაინახა, რომ რუსეთიც სააკაშვილს ლობირებს და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როდესაც ორივე ზესახელმწიფო შეთანხმებულია, ის ვერაფერს ვეღარ გააკეთებდა, – განაცხადა ექსპერტმა, ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

გოგავამ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლაი მალომუჟის განცხადება გაიხსენა, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად და მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში“.

„სხვათა შორის, ათი დღის წინ იყო ინტერვიუ უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან, ბატონ მალომუჟთან, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს „კაგებეს“ გენერალი იყო და უკრაინაში მუშაობდა. მან პირდაპირ განაცხადა, სააკაშვილი ჩვენ მიერ იყო გადმობირებული და „კაგებეს“ ოთხი-ხუთწლიანი სკოლა გაიარა, როგორც აგენტმა, მოსამზადებლადო. ამას ამბობს მალომუჟი და, ჩემი აზრით, ის სანდო ადამიანია, რადგან ვიქტორ იუშენკოს დროს მუშაობდა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად“, – განაცხადა გოგავამ.

მისივე თქმით, გენერალმა მალომუჟმა იმავე ინტერვიუში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი თქვა.

„მან თქვა, რუსები, როდესაც თავიანთი აგენტურა უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მოჰყავდათ, მათ ავალებდნენ, პროდასავლური პოზიცია დაეჭირათო. ანუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და პარლამენტში მაღალ თანამდებობზე. გამოდის, უკრაინაში ვინც ყველაზე პროდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა, მას ამას რუსები ავალებდნენ, „კაგებე“ ავალებდა, ასე ქენით, ისე ქენითო, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში სიღრმისეულად რომ ჩაიხედოთ, ამ სფეროში საშინელებები ხდება. პოლიტიკა დაუნდობელია და, მით უმეტეს, გლობალური პოლიტიკა“, – განაცხადა გოგავამ.

ირაკლი გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან ყოველთვის ძალიან სერიოზული კავშირები აქვს და იქ ყოველთვის აწუხებდათ ეს თემა, რომ სააკაშვილი რუსებზე მუშაობს.