ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან, თბილისი მერთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები.
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.