ირაკლი ღარიბაშვილი - ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და მათი სახე, გუშინვე დადასტურდა, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება
გუშინ ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ტყუილი და გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.
„ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის. ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და ჩვენი ხელისუფლების მიღწევა არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, წინა მთავრობის დროს ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ, ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამას მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, ეს არის მართლაც ჩვენი ოპოზიციის ხელწერა და მათი სახე. ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და არც მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ „ევროობზერვერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავს. გამოცემა მიზეზად ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ბრიფინგები გამართეს. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკეროას განცხადებით, „ხელისუფლებამ ზურგი აქცია საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რის გამოც, იზღუდება თავისუფალ სამყაროში თავისუფლად გადაადგილება“. ამასთან, მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ძალიან დიდი ფასი უჯდება საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“.
მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.