გიორგი ვაშაძე - პოლიტიკურად იმ გზას თუ გააგრძელებს ქვეყანა, რასაც „ქართული ოცნება“ ადგას, მეორე დიდი არგუმენტი შეიძლება, დაემატოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას
ძალიან დიდი ფასი უჯდება საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რადგანაც იმდენად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში, რომ 51%-ით გაიზარდა თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მხოლოდ გერმანიაში, – განაცხადა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე, სადაც „ევროობზერვერში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
„ეს არის ის ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია და თუ პოლიტიკურად იმ გზას გააგრძელებს ქვეყანა, რა გზასაც „ქართული ოცნება“ ადგას, მეორე დიდი არგუმენტი შეიძლება, დაემატოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას.
ამიტომ ჩვენ ყველა 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ის უმძიმესი ვითარება, რაც არის ჩვენი არჩევანით. ძალიან მშვიდად, წყნარად დავიწყოთ ახალი ეტაპი განვითარების. არანაირი ვიზალიბერალიზაციის, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ უნდა მოხდეს; პირიქით, უნდა მოხდეს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება. ვხედავთ, რომ ყოველი დღე უფრო და უფრო მძიმეა, უფრო და უფრო მეტი პრობლემის წინაშეა ქვეყანა.
200 000 ადამიანია გასული საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში და სად წავიდნენ, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლით ისარგებლეს და შემდგომ მიმართეს თავშესაფრისთვის. ეს იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ ქვეყნის დატოვება უნდოდათ, რადგანაც აქ არის გაუსაძლისი მდგომარეობა, კაპიკი შემოსავალი არ აქვთ და ამ პირობებში „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს არის რეალური მიზეზი, რასაც ევროკავშირი სამწუხაროდ გვერდს ვერ უვლის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს „ევროობზერვერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავს. გამოცემა მიზეზად ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებს.
დღესვე, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.