ირაკლი ღარიბაშვილი - უცხოელს თუ თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს? თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის
ირაკლი ღარიბაშვილი - უცხოელს თუ თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს? თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის

უცხოელს თუ თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ დაამუშავა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და გადაწყვიტა, რომ სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის უნდა მოხდეს.

„სუროგაციის თაობაზე ჩემი პოზიცია გითხარით და ძალიან ბევრი კვლევაც, ბევრი ინფორმაცია არსებობს. არ მინდა, სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ, ზოგადად, მგრძნობიარე თემაა და რატომ უნდა აიკიდოს სახელმწიფომ ეს თავის ტკივილი? ამაზე იყო საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვეღარ მივყვებით, სად მიჰყავთ ეს ბავშვები. ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა ბავშვების წაყვანასთან დაკავშირებით. შემდეგ იყო ძალიან ბევრი გარჩევა და მგრძნობიარე საკითხი, ამიტომ ვთქვით, რომ რასაც ვერ ვაკონტროლებთ, მით უმეტეს, ევროპული პრაქტიკა დავამუშავეთ, იმას უნდა ჩავეხსნათ და არ უნდა შევიდეთ პასუხისმგებლობაში სახელმწიფო. უცხოელს თუ თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს? მით უმეტეს, მორალურად, მე არ მომწონს და მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები, ქალბატონები მიჰყავდათ, რამდენიმე ფაქტი არსებობს, რომ მძიმე ვირუსები გადაედოთ ქალბატონებს და ძალიან ბევრი ჯანმრთელობის გაუარესება ხდება. რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს, ვერ გავიგე. ჩვენს მოქალაქეებზეა თუა საუბარი, კი ბატონო, ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის. ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, არის ჰიბრიდული პრაქტიკაც, მეთოდებიც და ეს გადმოვიღეთ და ვთქვით, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რომ წავახალისოთ დემოგრაფია და ა.შ. უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე. დემოგრაფიაზე კითხვა დაისვა. პრობლემაა, მაგალითად, იმავე სქესის მიხედვით აბორტების გაკეთება. კატასტროფაა, ჩვენ თუ არ ვუთხარით ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენს ძვირფას ძმებს და დებს, რომ არ შეიძლება, ეს არის შვილების მკვლელობა, არაფერი არ გამოვა ასე. ათიათასობით აბორტი კეთდება ყოველ წელს ქვეყანაში, ტრაგედიაა ეს, უბედურებაა. ამიტომ მეტი კამპანიაა საჭირო, მეტი ინფორმაცია, ცნობიერების ამაღლება სჭირდება ჩვენს თუნდაც ახალგაზრდა წყვილებს და ამაში სახელმწიფოს როლი შეიძლება იყოს. არ მაქვს საუბარი არავითარ აკრძალვებზე, მაგრამ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. იგივე, რა რისკებს იწვევს, მათ შორის ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და ა.შ. ჩვენ შობადობის კუთხით გვაქვს სერიოზული გამოწვევები, პრობლემებია.

რაც შეეხება ტრანსპლანტაციას და სხვა საკითხებს, მორალურად მიმაჩნია, რომ არ არის მისასალმებელი ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან, არ ვიცით, ეს მოქალაქეები ვინ არიან, ეს ბავშვები სად მიჰყავთ მერე და უბედურება ხდება. ბევრი უკონტროლო სიტუაციაა და ამიტომ არ გვინდა ჩვენ უკონტროლო პროცესებში ვიყოთ თანამონაწილე ნებსით თუ უნებლიედ, მანდ ბევრი რისკია, აღარ მინდა ამ თემის გაგრძელება და გაშლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ოჯახების გაძლიერების პაკეტს ამუშავებს და ამ მიმართულებით უფრო ძლიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„ოჯახების გაძლიერების მიმართულებით ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო ძლიერი ნაბიჯები, უფრო მეტი დახმარება უნდა მივმართოთ. ვახსენე ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც მუშაობს, ბინების შეძენაში ვეხმარებით და ვასუბსიდირებთ საპროცენტო განაკვეთს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გვინდა, რომ კომპლექსური პაკეტი წარმოვადგინოთ ოჯახების გაძლიერების, რომ მეტი მოტივაცია გაუჩნდეს ახალგაზრდა წყვილებს შვილების გაჩენის. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და გამოიკვეთა ძალიან საინტერესო, ამავდროულად ძალიან სამწუხარო ტენდენციები, მაგრამ ხშირად ახალგაზრდა წყვილი უარს ამბობს სხვადასხვა პირობების გამო და შვილებს არ აჩენენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ბინა, ამაში შეიძლება ჩვენი დახმარება, გრძელვადიანი კრედიტები და ამ პროექტს დავამუშავებთ, შეთავაზებებს გავუკეთებთ საზოგადოებას. უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ამ მიმართულებით, უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.