ირაკლი ღარიბაშვილი - ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო
ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან კონტრაქტის გაფორმება არის იმის დემონსტრირება, რომ კომპანია გამოხატავს სრულ მზაობას, დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში. ეს ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, კომენტარი გავაკეთო და გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე სამუშაოების დაწყებას საქართველოში შავი ზღვის აკვატორიაში. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, რაც იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და OMV Petrom S.A-ს შორის შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი გუშინ გაფორმდა.