ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2021 წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველომ 26 000 ტონა ნედლი ნავთობი და 14 მლნ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. 2020 წელს კი წლიურად ჯამურმა მოპოვებამ 30 000 ტონა ნედლი ნავთობი და 10 მლნ კუბური მეტრი გაზი შეადგინა.

2020 წლის რვა თვის მონაცემებთან შედარებით, წელს ნავთობის მოპოვება 36 პროცენტით არის გაზრდილი.

სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების 25 ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული 11 ინვესტორი კომპანია.

„მოპოვების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია ნავთობკომპანიების მიერ თანამედროვე მეთოდით განხორციელებულმა სამუშაოებმა, კერძოდ განხორციელდა: ჰორიზონტალური, ულტრამოკლე რადიუსით ბურღვა, სამგანზომილებიანი სეისმო-საძიებო და მაგნიტოტელური გეოფიზიკური კვლევები. განახლებული ჭაბურღილების ექსპლუატაციაში გაშვების შედეგად, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პერსპექტივები ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის თვალსაზრისით დასავლეთ რუსთავის საბადოზე და მეზობელ (სამგორი-პატარძეული, თელეთი) საბადოებზეც, სადაც უკვე დაგეგმილია მსგავსი სამუშაოების განხორციელება ადრე გაბურღულ ჭაბურღილებში და დაწყებულია ახალი ჭაბურღილის გაბურღვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოპოვებული ნავთობი მთლიანად ადგილზე, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდება. 2020 წელს ჯამში გადამუშავებულ იქნა 28 437 ტონა ნავთობი. 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი  28 932 ტონა ნავთობია გადამუშავებული, რაც მკვეთრად აღემატება 2020 წლის სამი კვარტლის მონაცემებს (19 000 ტონა ნავთობი). შესაბამისად, შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ ნავთობის გადამუშავება მომატებულია 47 პროცენტით“, – აცხადებენ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში.

დატოვე კომენტარი