ირაკლი ღარიბაშვილი - როცა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი
ირაკლი ღარიბაშვილი - როცა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი

როცა რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება იქნა ჩვენთვის ცნობილი გუშინ, ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მით უმეტეს, არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი და არამთავარი დეტალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფრენები გაუქმებული იყო 2019 წელიდან.

„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რამდენიმე მსხვილ ქვეყანას დაგისახელებთ – ჩინეთი, ზესახელმწიფო, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც აქვს უკვე ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი, ემირატები, ისრაელი, რომელიც არის აშშ-ის ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანაა ისრაელი ბევრი მიმართულებით, ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში; სამეზობლოში – აზერბაიჯანი, სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა არსანქცირებული თვითმფრინავებით. ვინაიდან ფრენები ჩვენ შემთხვევაში შეწყვეტილი იყო 2019 წლიდან, ამის შემდეგ ჩვენ არ გაგვიუქმებია ფრენები, ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება და მას შემდეგ ფრენები აღარ ხორციელდება. ჩვენი თანამოქალაქეები როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში, ბელარუსის ან სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის გავლით, უწევდათ საათობით ლოდინი და ორჯერ-სამჯერ მეტის გადახდა ბილეთში, ეს არის უზარმაზარი დისკომფორტი და დიდი ხარჯი.

ამას გარდა, ჩვენ იცით, რომ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც და ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებდნენ, პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აღარ დაგღლით დეტალებით, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.

ამიტომაც, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა ჩვენთვის ცნობილი გუშინ, ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მით უმეტეს, არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი და არამთავარი დეტალი. ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით მილიარდი დოლარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.