ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება, ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი არავინაა, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება
დღეს ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი არავინ არ არის, ვთქვათ პირდაპირ, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.
„მინდა, მოსახლეობას კარგად შევახსენო, თუმცა ვიცი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს და მათ კარგად აქვთ გააზრებული ის საფრთხეები და რისკები, რაც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს. დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი, დღეს ვხედავთ, რომ არავინაა, ვთქვათ პირდაპირ, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ვინ ომობს – ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინული ჯარი. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება, არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელი ვართ როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.