ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს მის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი
დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერის თქმით, სამშობლოსთვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.