ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, გარწმუნებთ, თითოეული ნაბიჯი მიმართულია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობამ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში მისთვის უმთავრესი ინტერესია საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
მისივე თქმით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი მიმართულია იქით, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენი მთავრობა მტკიცედ, ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. გაერო-ს რეზოლუციის თანასპონსორობის ფორმით, ეუთო-ს ფარგლებში, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში, ყველგან ჩვენ მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ მეგობრებს და მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მთავრობის მეთაურისთვის ჩემთვის უზენაესი ინტერესია ჩემი, ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მათ შორის ვინც ჩემს პოზიციას არ ეთანხმებით, უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მიწა წყლის, ქვეყნის დაცვა. ასე რომ, გარწმუნებთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის მიზანმიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, სხვა მოტივაცია, არგუმენტი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.