ირაკლი ფიფია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა
ირაკლი ფიფია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, – ამის შესახებ გამომძიებელ-დეტექტივმა ირაკლი ფიფიამ  ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ფიფიამ აღნიშნა, საქმეზე დაინიშნა სასამართლო-საედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გაერკვია სიკვდილის უშუალო მიზეზები, ასევე, რამდენი ჭრილობა ჰქონდა, რომელი ჭრილობა რა ხარისხის იყო და ამ ჭრილობის ზომები.

„აღნიშნულის შემდეგ, როგორც კი მივიღეთ აღნიშნული სამედიცინო დასკვნა, ჩვენს მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული. ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული. ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა ამათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სიღრმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს – გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო – სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული? სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დაინიშნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტიზა”, – განაცხადა ფიფიამ.

მისივე თქმით, მილიმეტრული სიზუსტით არის გაზომილი ყველა ჭრილობა, როგორც სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე და შედარებულია ორივე დანას.

„რაც შეეხება დავით სარალიძის სხეულზე არსებულ ჭრილობებს გამოირიცხა, რომ ხუთი ჭრილობა კონკრეტული დანით ყოფილიყო მიყენებული. მეორე დანით არ გამოირიცხა არც ერთი ჭრილობა. ასევე, ლევან დადუნაშვილის სხეულზე ორი ჭრილობა გამოირიცხა შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერებისას ამოღებული დანით და არ გამოირიცხა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული გ.ბ.-ს დანით. თქვენ მოიწვევთ კომპეტენტური ექსპერტს, დაუსვით ეს კითხვა, რამდენი დანით და რამდენი იარაღით არის შესაძლებელი მიყენებული იქნას ეს დაზიანებები. სხვა დანარჩენ კითხვაზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”, – განაცხადა ფიფიამ.