პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
„დღეს, კანონმდებლები და განსაკუთრებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, ვინაწილებთ ჩვენი სახელოვანი ჯარისკაცების და თავდაცვის უწყების გუნდის სიამაყეს, რაც დაკავშირებულია ქართველი ჯარისკაცების საუკეთესო მეგობრის, მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე და მათი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული თავდაცვის მინისტრის პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გადანაცვლებასთან. ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც პანდემიასთან და მის შედეგებთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნა და ამავდროულად განვახორციელოთ ამბიციური დღის წესრიგი, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას, დეოკუპაციას, მისი რეგიონული ჰაბის ფუნქციების და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ცვალებადი გამოწვევების პირობებში, უსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნის განვითარების და პროგრესის ქვაკუთხედი, უპირველესი წინაპირობა და ბატონო ირაკლი, თქვენი ხედვის ფარგლებში, ჩვენ მივესალმებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების პრიორიტეტიზაციას.
საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, შეიარაღება და აღჭურვილობა, სამხედრო განათლება და წვრთები, ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მრეწველობის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა, სამხედრო მოსამსახურეთათვის ღირსეული სამსახურის და სოციალური პირობების უზრუნველყოფა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამ მიმართულებით გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, მასშტაბური და შინაარსობრივი რეფორმები. სწორედ ამით არის განპირობებული ჩვენი მოლოდინი და ოპტიმიზმი, რომ თქვენი პრემიერობის პირობებში, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას“,- განაცხადა ბერაიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ნატო-ს სტანდარტის შესაბამის თავდაცვის საბიუჯეტო პოლიტიკას აკმაყოფილებს, ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო აღმშენებლობის ამოცანები მოითხოვს გაცილებით მეტს ვიდრე მშპ-ს 2 %-ია და მას შემდეგ, რაც პანდემიის შედეგების მინიმიზაციის ხარისხი მოგცემს ამის შესაძლებლობას, აუცილებელია, გაიზარდოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება.
„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მაღალტექნოლოგიური იარაღი, რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაუმჯობესებული რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, გადააზრებული გაწვევის სისტემა, სადაც ჩვენი ახალწვეულები მხოლოდ თავდაცვის სისტემაში იმსახურებენ.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ჩვენ მივიღებთ მეტ მხარდაჭერას, მეტ შეიარაღებას. გაღრმავდება და გამყარდება ჩვენს სტრატეგიულ პარნტიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან სტრატეგიული მოკავშირეობის მექანიზმები, საქართველოში გაიზრდება ნატო-ს ხილვადობა ხმელეთზეც, ზღვაზეც და ჰაერშიც და გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით.
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. ამ მიმართულებით პრიორიტეტულად და აუცილებლად მიგვაჩნია მტრული ინფორმაციული ოპერაციების, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საპასუხოდ ერთიანი ინსტიტუციური მექანიზმის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინირებულ ძალისხმევას ისეთ სფეროებში როგორებიცაა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მტრული ნარატივის გამოვლენა/განეიტრალება, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება, მედიაწიგნიერება, საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში კრიტიკული აზროვნების განვითარება. ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების მედეგობის, ქართული დემოკრატიის მედეგობის გაძლიერება და ჩვენი ღირებულებების და სიკეთეების, როგორც რუსული, ასევე რეგიონში გენერირებული და მის ფარგლებს გარედან მომდინარე მავნე გავლენებისგან დაცვა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მაშინ როდესაც საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გენერირდება, მნიშვნელოვანია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლელობების შემდგომი გაძლიერება.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სამსახურს ექნება მეტი მხარდაჭერა, მეტი დაფინანსება, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერატიული საქმიანობის გაფართოებისთვის, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საფრთხეების ეფექტიანი პროგნოზირება, მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და ამ საფთრხეებზე – მათივე ფორმირების პროცესში – გავლენის მოხდენა“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთიანი და კოორდინირებული პასუხისთვის, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მეტი უფლებამოსილებით აღჭურვა. ასევე აპარატის ფუნქციური და ინსტიტუციური გაძლიერება, საკოორდინაციო როლის გაზრდა, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვის და პრაქტიკული კოორდინაციის შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ და თქვენი კაბინეტი ღირსეულად გაართმევთ თავს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეფექტიანად გამოიყენებთ ქვეყნის განვითარების და წინსვლის შესაძლებლობებს. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან ყველა ზემოთხსენებული მიმართულებებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.