ირაკლი ბერაია - საქართველოს ჰყავს მამაცი პოლიციელები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასრულებენ მაღალი სირთულის ამოცანებს
საქართველოს ჰყავს მამაცი პოლიციელები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასრულებენ მაღალი სირთულის ამოცანებს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
„სამართალდამცავების მიერ, მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. სწორედ ქართული პოლიციის პასუხისმგებლობა, პროფესიული უნარები და ეფექტიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურები განაპირობებს მსგავსი ოპერაციების წარმატებას.
საქართველოს ჰყავს მამაცი პოლიციელები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასრულებენ მაღალი სირთულის ამოცანებს. ქართული პოლიცია მუდამ არის იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება.
უწყებას ხელმძღვანელობს ღირსეული ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი, გენერალი ვახტანგ გომელაური, ვისთვისაც განსაკუთრებით ძვირფასი და პრიორიტეტულია თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და დაცულობა და ამ მიზნებისთვის მისი უწყების ნაყოფიერი საქმიანობა“,- წერს ბერაია „ფეისბუქზე“.
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებული შ.მ. ბანკში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.