ირაკლი ბერაია - საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, ნატო-ს გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს, ერთადერთი სწორი გზა არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია
ირაკლი ბერაია - საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, ნატო-ს გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს, ერთადერთი სწორი გზა არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია

ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომ არსებობს ალიანსის რეგიონში ჩართულობის გაზრდილი საჭიროება და აუცილებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, ალიანსის მხრიდან საჭიროებს გაზრდილ და გაძლიერებულ ყურადღებას.

„ეს არის ოკუპაციის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი და ოკუპაციის თანმდევი პროცესების ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინება, რომელიც აუარესებს მნიშვნელოვნად უსაფრთხოების გარემოს არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონში, არამედ მის მიღმაც. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომ არსებობს ალიანსის რეგიონში ჩართულობის გაზრდილი საჭიროება და აუცილებლობა. ერთადერთი სწორი გზა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება დაეთმოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოებს გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება. საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, ალიანსის მხრიდან საჭიროებს გაზრდილ და გაძლიერებულ ყურადღებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ფორსირება და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია“, – განაცხადა ბერაიამ.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.