ირაკლი ბერაია - რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის
რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„ზოგადად, ვიცით, რომ რუსეთის ნაბიჯები არის პროვოკაციული, ისევე როგორც რუსეთის განცხადებები და ქმედებები. ამ კუთხით მთავარი ამოცანა არის რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაციის გზით, რომ ოკუპანტმა და აგრესორმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულება.
რუსეთის აგრესიული ქმედებები პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში, იმიტომ რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასაც. ამ კუთხით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საერთო მიზნებისა და ამოცანების გარშემო ვმუშაობთ ერთობლივად. მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით, არის საქმიანობის გაგრძელება, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა იყოს უნივერსალური “,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.