ირაკლი ბერაია - უკრაინას ნატო-ში მიიწვევენ, როცა კონსენსუსი იქნება და პირობები დაკმაყოფილდება, საქართველოში მავნებლებმა კარგად წაიკითხონ კომუნიკეს ეს ჩანაწერები, როცა ამბობენ, რომ წევრობის გზა ომზე გადის
ვილნიუსის სამიტი ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოწონებულია საქართველოს პროგრესი, წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ნატო-ში სრულფასოვან ინტეგრაციასთან.
„ალიანსის მხრიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ საქართველოს მხარდაჭერისა და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმა. ძალიან მკაფიო ჩანაწერებია, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მხარდაჭერას. იმას, რომ საქართველოს უფლებაა, თავად განსაზღვროს ალიანსები და ვერავინ ამას ხელს ვერ შეუშლის. მოწოდებაა ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ვილნიუსის სამიტი ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მოწონებულია საქართველოს პროგრესი, წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და გამოხატულია ალიანსის მზაობა, უფრო გააღრმაოს როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსთან. ეს ნიშნავს, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, ნატო-ში სრულფასოვან ინტეგრაციასთან“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ირაკლი ბერაია ალიანსის მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას მიესალმება.
„უკრაინა ომის პირობებშია, შესაბამისად, ალიანსის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ძალიან კარგად დავინახეთ, რომ უკრაინის მიმართ მოლოდინები ცოტა გადაჭარბებული იყო. უკრაინის წევრობასთან და მიპატიჟებასთან დაკავშირებით კომუნიკეში ჩანაწერების მიხედვით, ალიანსის წევრები უკრაინას ნატო-ში მაშინ მიიწვევენ, როცა ამაზე შეთანხმდებიან, კონსენსუსი იქნება და უკრაინის მხრიდან შესაბამისი პირობები დაკმაყოფილდება. ალიანსის მხრიდან ეს მოსალოდნელიც იყო. ასევე, ეს არის გზავნილი, რომლისგანაც საქართველოში უნდა ისწავლოს ბევრმა მავნებელმა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია აუცილებლად ომზე გადის. ამ მავნებლებმა კარგად უნდა წაიკითხონ კომუნიკეს ჩანაწერები და გაიაზრონ, როდესაც ამბობენ, რომ ალიანსში წევრობის გზა ომსა და საომარ მოქმედებებზე გადის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.