ირაკლი ბერაია - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა შთამბეჭდავი პროგრესი, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით აქვს
სხდომაზე, სადაც გამომსვლელები იყვნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, წარმომადგენლები ევროკომისიის მხრიდან, აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას ზოგიერთმა კოლეგამ გარკვეულწილად გაიმეორა ის სინანული, რაც უკავშირდება იმ პროცესს, როდესაც პროპორციულ არჩევნებზე 2020 წელს გადასვლამ ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა.
„თუმცა, ეს თავისთავად, არის დემოკრატიული პროცესი. გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულმა წარმომადგენლებმა მიიღო. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური პროცესი, რომელიც არ დგას ეჭვქვეშ და განსაკუთრებული პრიორიტეტი არის 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება. ეს არის ასევე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი გაცხადებული მიზანი და შესაბამისად, ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
სტრასბურგში, „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ორდღიან სხდომაზე განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.