ირაკლი აბესაძე - ძირითადი კითხვები გვექნება მირზა სუბელიანთან, იყო თუ არა გამოძიება ტენდენციური, რადგან მისი ოჯახის წევრები ამ ტრაგედიის ფიგურანტები იყვნენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ. გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
როგორც კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ძირითადი კითხვები მირზა სუბელიანთან ექნებათ და დაინტერესდებიან, იყო თუ არა გამოძიება ტენდენციური, რადგან მისი ოჯახის წევრები იყვნენ ამ ტრაგედიის ფიგურანტები.
„დღეს საგამოძიებო კომისია გამოკითხავს მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას. რა თქმა უნდა, შეკითხვების ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება მირზა სუბელიანისადმი, რამდენად ერეოდა ის გამოძიებაში, რამდენად ხდებოდა გამოძიების წარმართვა ტენდენციურად იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები იყვნენ მონაწილეები და ფიგურანტები ამ მძიმე ტრაგიკული შემთხვევის.
გვექნება დეტალური შეკითხვები, რომ დავადგინოთ რამდენად სიმართლეს საუბრობენ ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში და ხომ არ არის ისეთი გარემოებები, რომელიც ადასტურებს მის თანამდებობრივ მდგომარეობის გამოყენებას იმისთვის, რომ გამოძიება არათანმიმდევრულად წასულიყო და მიგვეღო ისეთი ბუნდოვანი შედეგი რომელიც გვაქვს“,- განაცხადა აბესაძემ.
მისივე თქმით, საქმესთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კონრეტულ ფიგურანტებთან დააგვიანეს.
„პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა ზოგადად ძალიან დააგვიანეს ამ საქმესთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კონკრეტული ფიგურანტებთან მიმართ. თუკი თავის დროზე ეფექტურად იმოქმედებდა გამოძიება, დღეს ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა არ გვექნებოდა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ ხდებოდა მიზანმიმართული ჩარევა გამოძიების მიმდინარეობაში. ამ ყველაფერზე საბოლოო დასკვნას კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებს“,- განაცხადა აბესაძემ.
მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.